როგორ დაიწყო ადამიანმა მზის სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნა?

მზის ენერგიის თავის სასიკეთოდ გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ძვ.წ მე-7 საუკუნეში დაიწყო, როცა სხივებს გამადიდებელი შუშით უყრიდა თავს და ასე ანთებდა ცეცხლს. 1950-იან წლებში კი ბელის ლაბორატორიაში მეცნიერებმა სილიციუმის ნახევარგამტარების კვლევისას პირველი თანამედროვე მზის პანელი შექმნეს. როგორც მათ აღმოაჩინეს, სილიკონისთვის გარკვეული მინარევების დამატების შემდეგ, სინათლის ზემოქმედებისას ის ძლიერ ელექტრო დენს წარმოქმნიდა.

ცოტა უკან, მე-19 საუკუნეში დავბრუნდეთ. ამ პერიოდში ადამიანი უკვე იწყებდა მზის სინათლის ენერგიად გარდაქმნაში აღმოჩენების გაკეთებას. ახალგაზრდა ფრანგმა ფიზიკოსმა ედმონდ ბეკერელმა 1839 წელს აღმოაჩინა ფოტოელექტრული ეფექტი, პროცესი, როდესაც სინათლის ან გამოსხივების ენერგიის შედეგად ძაბვა ან ელექტროდენი წარმოიქმნება. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ბეკერელის ნაშრომებით შთაგონებულმა ფრანგმა მათემატიკოსმა ოგიუსტენ მუშომ მზის ენერგიაზე მოქმედ ძრავებზე მუშაობა დაიწყო და 1860 წელს უკვე პატენტები დაარეგისტრირა. მათემატიკოსის ნაშრომს დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც სამშობლოში, ისე აშშ-ში, სადაც მუშოს პატენტებმა გამომგონებლებს ახალი თავსატეხი შეუქმნა და ტექნოლოგიის კიდევ უფრო განვითარებას დაუდო საფუძველი.

სურათზე მოცემული მზის პანელი ნიუ-იორკში, 1884 წელს წელს ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჩარლზ ფრიტსმა დაამონტაჟა.

თავისი ექსპერიმენტით ფრისტმა აშშ-ში ფოტოელექტრული მზის პანელის ინოვაცია შემოიტანა.

1988 წელს კი ქიმიკოსმა ედვარ ვესტონმა მზის ბატარეებისთვის აშშ-ში ორი პატენტი მიიღო. ორივე პატენტი გულისხმობდა, მზისგან მიღებული რადიაციული ენერგიის გარდაქმნას ელექტრო ენერგიად ან ელექტრული ენერგიის მეშვეობით - მექანიკურ ენერგიად.

აღმოჩენების სერია დაიწყო რუსეთშიც, სადაც იმავე წელს ფიზიკოსმა ალექსანდრ სტოლეტოვმა ფოტოელექტრული ეფექტის საფუძველზე შექმნა პირველი მზის ელემენტი, რომლის მუშაობის პრინციპიც ასეთია: სინათლე ეცემა ზედაპირს და გამოიყოფა ელექტრონები.

მე-19 საუკუნეში მზის ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებით კვლევები და აღმოჩენები გრძელდებოდა. ამერიკელმა გამომგონებელმა, მელვინ სევერიმ 1894 წელს დააპატენტა ორი აღმოჩენა, რომელიც მზის ბატარეების ფოტოელექტრული ეფექტით მუშაობას ეფუძნებოდა.

ინოვაციების სერია არ შეწყვეტილა 1950 წლამდე, როდესაც ბელის ლაბორატორიის მეცნიერებმა მზის ენერგიის ათვისებაში გარდამტეხი ცვლილება არ შეიტანეს. დერილ ჩაპინი, კალვინ ფულერი და ჯერალ პირსონი იყვნენ პირველები, ვინც სილიკონის მზის ბატარეა შექმნეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ისეთი ნახევარგამტარი მასალა, როგორიცაა სილიკონი, სელენზე ეფექტური იყო. შედეგად, მათ 6%-ით უფრო ეფექტური მზის ბატარეა შექმნეს.

რა თქმა უნდა, ადამიანმა ამ აღმოჩენის თავის სასიკეთოდ გამოყენება დაიწყო, თუმცა თავდაპირველად, მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურები დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა და ძირითადად, დისტანციური მოწყობილობებისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად გამოიყენებოდა, მათ შორის პერიფერიებში მდებარე სატელეფონო ხაზებისთვის. საინტერესოა, რომ მზის პანელების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით კოსმოსში გაშვებული თანამგზავრებიც ფუნქციონირებდა. მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი თანამგზავრი - Vanguard 1 კოსმოსში 1958 წელს გაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის მოქმედი აღარ არის, მიიჩნევა ორბიტის ყველაზე ძველ სატელიტად, რომელმაც 6 მილიარდი მილის დისტანცია დაფარა.

1970-იანი წლების აშშ-ში ენერგოკრიზისი დაიწყო, შესაბამისად, ზომების მიღება გახდა საჭირო. 1974 წელს კონგრესმა მიიღო მზის ენერგიის კვლევის, განვითარებისა და დემონსტრირების აქტი. ფედერალურ მთავრობას მიენიჭა მეტი ვალდებულება, მზის ენერგიის გამოყენება ფართო საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. აქტის მიღებამდე ერთი წლის წინ კი დელავერის უნივერსიტეტმა უკვე შექმნა პრეცედენტი, როგორ შეიძლებოდა, შენობას მზის ენერგიაზე ემუშავა.

დელავერის უნივერსიტეტის მიერ აგებული შენობა, რომელიც მზის ენერგიას იყენებს

განახლებადი და ამოუწურავი ენერგიის გამოყენება ადამიანის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების კრიზისი შეიქმნას. მეცნიერებამაც გადადგა თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ნაბიჯები, რათა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების საშუალება ფართო საზოგადოებისთვისაც მიეცათ. გასული საუკუნის ბოლოს შესაძლებელი გახდა ნაკლები დანახარჯებითა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო იაფად ეწარმოებინათ მზის პანელები, რამაც მზის ენერგიის აქტიურად ათვისებას შეუწყო ხელი. დაიწყო მზის პანელების დიდი ფერმების მონტაჟი შენობებზე, რომელიც სრულად ანაცვლებდა ელექტროენერგიის ტრადიციულ წყაროს.

მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების მიმართ ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. SEIA-ს (Solar Energy Industries Association) ინფორმაციით, გასულ ათწლეულში აშშ-ის მასშტაბით მზის სადგურებზე მოთხოვნამ 25%-ით მოიმატა.

მზის ენერგიის მიმართ ინტერესი მზარდია საქართველოშიც, შესაბამისად, იქმნება მზის სისტემებზე მომუშავე კომპანიებიც, რომლებიც როგორც ბიზნეს ობიექტებს ისე ფიზიკურ პირებს უწევენ მომსახურებას. ნავარაუდევია, რომ სამომავლოდ, მოთხოვნა კიდევ უფრო მოიმატებს.